იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიცოცხლის ხანგძლივობით ანუ დღეგრძელი ადამიანების რიცხვით. ამიტომ იაპონური ფილოსოფია ბედნიერი და ხანგრძივი ცხოვრების შესახებ, რომელიც იკიგაის სახელით არის ცნობილი, სულ უფრო პოპულარული ხდება.
ცხოვრების აჩქარებულმა რიტმა მოიტანა ის, რომ ადამიანები ყოველდღურ რუტინულ საქმიანობებში ისე ვართ ჩაფლულები, რომ ჩვენი ქმედებების გაანალიზების დროც არ გვრჩება. გარკვეულ ეტაპზე, ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეც ვდგებით და გვიჭირს ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი. იკიგაის იაპონური მიდგომაგვეხმარება გავაცნობიეროთ რისკენ მივილტვით, რა არის ჩვენი მისია, მოწოდება, ვიპოვოთ ჩვენი ცხოვრების საზრისი და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
იკიგაი მარტივად მიღწევადი რამეა და არა გრძელვადიანი მიზანი, რომლის მიღწევასაც წლები შეიძლება დასჭირდეს. მისი პოვნისთვის უბრალოდ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს გრძნობებს. რას ამბობენ ისინი? რა აქცევს ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანად? იკიგაი ეყრდნობა მიდგომას, რომ ბედნიერ ცხოვრებას ყოველდღიური, პატარა სასიხარულო მომენტები ქმნის.
ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოს, იკიგაის კონცეფციაზე, დასავლეთში ჩამოყალიბდა სტრუქტურირებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ბედნიერება ოთხი კომპონენტისგან შედგება. ამ თეორიის თანახმად, ბედნიერებისთვის, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ რა გვიტაცებს ყველაზე მეტად და შემდეგ ვიპოვოთ გზა, რომლის საშუალებითაც ამ მისწრაფებას გამოვხატავთ.
იკიგაის 4 განზომილება:
1. ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს;
2. ის, რაც განსაკუთრებულად კარგად გამოგვდის;
3. ის, რაც სამყაროს სჭირდება;
4. ის, რისგანაც მატერიალურ სარგებელს ვიღებთ.
ამ ოთხი განზომილების მიხედვით:
· ის, რაც გვიყვარს და კარგად გამოგვდის, არის გატაცება;
· ის, რაც გვიყვარს და სამყაროს სჭირდება, არის მისია;
· რაც სამყაროს სჭირდება და რისთვისაც ანაზღაურებას ვიღებთ არის მოწოდება;
· ის, რაც კარგად გამოგვდის და რისთვისაც ანაზღაურების მიღება შეგვიძლია, არის პროფესია.
იკიგაის მთავარი პრინციპები:
· დაიწყეთ პატარა მიზნებიდან;
· გათავისუფლდით;
· იპოვეთ ჰარმონიულობა და სტაბილურობა;
· ისიამოვნეთ წვრილმანებით;
· იყავით აქ და ახლა.
ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი თავისი წიგნის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ შესავალში წერენ, რომ წიგნის მიზანია იაპონელ სუპერხანდაზმულთა სიცოცხლის საიდუმლოებების გაზიარება, იკიგაიმდე მისასვლელი გზის პოვნაში დახმარება. მას კი, ვინც თავის იკიგაის პოულობს, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოს ბედნიერი, წარმატებული და სიხარულით სავსე ცხოვრებით.
ფსიქიატრი მიეკო კამია აღნიშნავს, სიტყვები “იკიგაი” და “ბედნიერება” ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ცოტათი განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. იკიგაი-ს წყალობით, მომავლის მოლოდინი გვაქვს მაშინაც, როცა აწმყოში თავს უბედურად ვგრძნობთ. იკიგაი ისეთი აქტივობებით გამოწვეული ბედნიერებაა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს და მნიშვნელობას აძლევს. იაპონელი ნეირომეცნიერი და მწერალი კენ მოგი "იკიგაის პატარა წიგნში“ მკაფიო განმარტებას გვთავაზობს: ,,იკიგაი არის ის, რისთვისაც გსურთ დილით ადგომა. "იკიგაი დეტალებშია", - წერს მოგი. - დილის სიხალისე, ფინჯანი ყავა, მზის სხივი, საყვარელი კერძის მომზადება, შექება და მნიშვნელოვანი ადამიანების სითბო. ვინც ამ ყოველივეს აფასებს, ნამდვილად შეუძლია ცხოვრებით ტკბობა."
ტოკიოელი ნეირომეცნიერი და მწერალი, კენ მოგი თავის 2017 წელს გამოცემულ წიგნში „იკიგაის მცირე წიგნი: იაპონური გზა ცხოვრების მიზნის აღმოჩენისკენ“ წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა "მატარებლის დამლაგებელი ხარ, ახალშობილის დედა თუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული — თუ შეგიძლია, სიამოვნება და კმაყოფილება მიიღო იქიდან, რასაც აკეთებ და რაც კარგად გამოგდის, გილოცავ, იკიგაი უკვე ნაპოვნი გაქვს".
იკიგაი არის გზა სრულყოფილი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, რომელიც დაგვეხმარება ყოველ დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, მკაფიოდ დავინახოთ ჩვენი მიზნები. ამასთან, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რა არის ზუსტად ჩვენი იკიგაი.
2017 წელს პოპულარულმა იაპონურმა სატელევიზიო გადაცემამ „ტაკეშის სახლის (საშინაო) მედიცინა" (Takeshi no katei no igaku) ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი აიაპონიის ხანდზამულ ადამიანთა ბედნიერების საიდუმლოს ამოცნობა იყო. კვლევის ერთ-ერთი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო შედეგი ის აღმოჩნდა, რომ ყველა დღეგრძელ ადამიანს ჰქონდა ჰობი, რომლითაც ისინი ყოველდღიურად იყვნენ დაკავებულები. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეებს ის აერთიანებდათ, რომ მათ ახალი ჰობი პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არასდროს არის ცხოვრებით ტკბობა გვიან.
როგორ ვიპოვოთ საკუთარი იკიგაი?
· ჩამოწერეთ ყველა ის მიღწევა, რითიც ამაყობთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა მასშტაბისაა ეს მიღწევა, მთავარია, თქვენ გაბედნიერებთ. ეს ცხოვრების აზრის პოვნისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია;
· რომელი უნარები გხდით განსაკუთრებულ ადამიანად? რა არის თქვენი ინტერესები და რისი განვითარება გსურთ? - აუცილებლად უპასუხეთ ამ შეკითხვას;
· „აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე“, - თქვა სტივ ჯობსმა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ხშირად ცხოვრების აზრს ფულსა და სიმდიდრეში კი არა, სულიერ სიმშვიდეში და იმ საქმის კეთებაში ნახავთ, რაც მართლა გიყვართ;
· იმისათვის, რომ საკუთარი იკიგაი იპოვოთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მომავალში და დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. იყავით რეალისტური;
· რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეედარებით სხვა ადამიანებს. იყავით ,,თქვენი თავი“, რადგან თქვენ თქვენი ცხოვრება, მიზნები გაქვთ, სხვას კი - თავისი. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და თუ რაღაც არ გამოგდით, პასუხისმგებლობა გარშემომყოფებს კი არ აკიდოთ, საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქრეთ.
ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22
ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":
გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები:
Comments