top of page
Writer's pictureNini Chachia

დედობა - გააზრებული სოციალური როლი თუ ინფანტილური სურვილი




ბოლო დღეებში სოციალური ქსელი აჭრელდა ინფორმაციით დედაზე, რომელიც დაკარგული იყო და შემდეგ სკვერში იპოვეს. ამ ისტორიის დეტალების განხილვას არ დავიწყებ, თუ სურვილი გაქვთ, სხვა არხებზე ნახავთ. დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, დედობაზე, როგორც სოციალურ როლზე, პასუხისმგებლობაზე და არჩევანზე მინდა გესაუბროთ. რადგანაც სოციალური ქსელი ამ საკითხვს ისევ ინფანტილური და ეფემერული, თუმცა ლოგიკურად გამყარებული კავშირებით იხილავს, რაც ამ ინფანტილიზმს კიდე უფრო ამყარებს.


პრობლემის არსი, ჩემი აზრით, ამ საკითხის თავშია, რომელსაც უმეტესობა უყურადღებოდ ტოვებს. დედობა უპირობო მოცემულობა არაა, დედობა არჩევანია და ამას არავინ გვასწავლის. დედობა პროფესიაცაა, რომელიც სხვა პროფესიებისაგან განსხვავებით, არც დღის ბოლოს სრულდება და შვებულების აღებაც ხშირად არ გამოდის. ამ საკითხის გააზრება და მიღება ბევრ სხვა მნიშვნელოვანი საკითხის ცოდნას მოითხოვს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებულია: მაგალითად სექსუალური განათლება, თვითრეფლექსია და ბედნიერება და ა.შ.. თუმცა დღეს ამ თემაზე არ მინდა საუბარი, სხვა დროს განვიხილოთ.


ახლა რასაც დავწერ, ბევრი გამკიცხავს, თუმცა, იმედი მაქვს აღმოჩნდებიან ადამიანები, რომელებიც ამ საკითხის გააზრებას შეძლებენ.


ჩვენ ადამიანები, როგორც მაღალგანვითარებული არსებები, ევოლუციის წანააღმდეგ წავედით და ბევრი რამ შევცვალეთ, მეცნიერების განვითარებით, დღეგრძელობის, სიცოცხლის გახანრძლივების შესაძლებლობები დავინახეთ და ამ სასწაულ შესაძლებლობას უკვე უპირობოდ ვიღებთ და ყველა მიმართულებით ვცდილობთ მის გამოყენებას. დიახ, შესაძლებლობა განგებ დავწერე, რადგანაც ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცოდნა და ამ ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა სჭირდება.



რა შუაშია ევოლუცია? გამრავლება ჩვენი ევოლუციური ინსტინქცია, თუმცა ამ ინსტინქტის განხორციელების პირდაპირი მექანიზმი, რაც ყველა ძუძუმწოვარ ცხოველშია, არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ, ამ განვითარებული მეცნიერების გამოყენებით, ვიბრძვით და ხშირად ვიმარჯვებთ კიდეც ჩვენი ნაყოფის გადარჩენისათვის, ან უკვე დაბადებული ჩვენი შთამომავლის სიცოცხლისათვის. შეიძლება ითქვას რომ სიკვდილსაც ვამარცხებთ. სწორედ ეს სასწაული იმდენად მყარია ჩვენში რომ მერე მუდამ ამ სასწაულის მოლოდინში რაღაც ინფანტილურ მოთხოვნებში გადავდივართ. რა ვგულისხმობ? თუ ჩვენ ადამიანებს ნაყოფის ან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, მაშინ მისი სიცოცხლისათვის კარგი პირობებიც უნდა იყოს შექმნილი გარემოში. აქ პრობლემა „უნდა“-შია, როდესაც აზროვნების შეცდომა ჩვენს ამ მოთხოვნის გარშემო გვატრიალებს. არადა, სამყაროში არაფერი არ უნდა იყოს, ვალდებულება ჩვენი, ადამიანების გამოგონილი თემაა და თუ ვალდებულებითი დამოკიდებულება გვიჩნდება სამყაროს მიმართ, ალბათ უმჯობესია ვიკითხოთ - ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვალდებულების რეალიზებაზე? სად არის ამ ვალდებულებაში ჩემი როლი? გარემო ისეთია როგორიც არის და როგორის არსებობასაც ჩვენ ვუწყობთ ხელს. აქ, სამწუხაროდ, "ჩვენში" უმეტესობას ვგულისხმობ, რადგანაც ჩვენ სოციალური არსებები ვართ და იმარჯვებს ის იდეა, რომელსაც ჯგუფის უმეტესობა აირჩევს. აქ არ დავიწყებ განხილვას, ეს არჩევანი როგორც და რა პირობებში იქმნება, რადგანაც ესეც გარემოზეა დამოკიდებული.



ბევრ საკითხს შევეხე, ვიცი, მაგრამ ამ საკითხების რეალურ გააზრებაშია ჩვენი ბედნიერებაც, წარმატებაც და დედობის ან მშობლობის გადაწყვეტილებაც.



ჩვენ, ადამიანები, ვქმნით იმ გარემოს, დაწერილ და დაუწერელ წესებს ამ გარემოში არსებობისათვის და ეს გარემო ზუსტად ისეთია როგორიც ჩვენს ირგვლივ არის. ხოლო როდესაც კონკრეტული არჩევანისა და პასუხისმგებლობის საკითხი დგება, გვინდა გარემოში, სხვაში ვიპოვოთ პასუხი და მას ავკიდოთ პასუხისმგებლობა.


პირველი პრობლემა, რაც გასააზრებელი გვაქვს არის ის რომ პოტენცილი არ არის რეალური ფაქტი. ანუ ის რომ მე შემიძლია გავხდე დედა, სულაც არ ნიშნავს იმას რომ დედა გავხდები. ისევე როგორც ის რომ მე შემიძლია უცხო ენის სწავლა, სულაც არ ნიშნავს რომ ვისწავლი. არადა, სწორედ ამ პოტენციალის ინფანტილური რეალიზების გამო ხშირად გარემო ძალიან უსამართლო, დაუნდობელი და მტკივნეული გვეჩვენება. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ძალიან ამაღელვებელი, სასწაულებრივი სოციალური როლის, იქნებ კრიტიკულად განვიხილოთ და გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში ხომ ცხოვრება ბევრად ჰარმონიული, ცხადი და გააზრებული იქნება?



როგორი გარემო გვაქვს საქართველოში? ეს ის გარემოა სადაც სკვერში და შადრევანში დენი არტყავთ ბავშვებს და კვდებიან, სახელმწიფო ჩინოვნიკები წყვეტენ ბავშვების რომელი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა მიღებულია და რა ფორმით, ანუ ვისი სიცოცხლე უფრო ფასობს, სახლმწიფოში სადაც თავისუფლება და მრავალფეროვნება ისჯება, სადაც ქალებს კაცები კლავენ ქალობისათვის, სადაც ქალისა და კაცის უფლებები, სახელფასო სარგო ძალიან განსხვავებულია, სადაც ახალი სოცოცხლის მოვლენა სულაც არ არის წახალისეული და ხელშეწყობილი.


ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში სადაც ჩვენს შვილებში ჩვენი არარეალიზებული ოცნებების განხორციელების შესაძლებლობას ვეპოტინებით, შვილი საკუთრება გვგონია და სულაც არ ვაკვირდებით მის სურვილებს, მოთხოვნილებებს და ვასწავლით მხოლოდ იმ წესებს რომელიც ჩვენ გვასწავლეს და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს წესებია ჭეშმარიტება: ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება არის ბავშვის გაჩენა.



ჩვენ ვართ იმ გარემოში, სადაც ევოლუციური „ჭეშმარიტება“ დავარღვიეთ და ჩვენი „ჭეშმარიტება“ შევქმენით ყოველგვარი ცოდნის, განათლების, გამოცდილების და ექპერიმენტების გარეშე, ის გზა ვერ გავიაზრეთ თუ როგორ მოხდა ევოლუციური „ჭეშმარიტების“ დარღვევა, როგორ მივიდა მეცნიერება ამ სრულიად წარმოუდგენელ მდგომარეობამდე. ჩვენ, გაუნათლებელმა ადამიანებმა, მივიწებეთ მეცნიერების ეს მიღწევა, ვიწამეთ რომ გარემო ჯადოსნურია და მას შეუძლია ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა და ამ მოთხოვნით ოპერირებას ვცდილობთ ცხოვრებაში.


ეს დაუსრლებელი ჯაჭვი გაგრძელდება მანამ სანამ ცოდნით, გააზრებით და ამ ცოდნის გამოყენებით არ დავიწყებთ ჩვენი გარემოს კონსტრუირებას ანუ შესაძლებლობების რეალურად ქცევას. სანამ არ ვისწავლით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და გადაწყეტილების რეალობასთან და არა შესაძლებლობასთან მიმართებაში მიღებას.


ხოდა ახლა დავფიქრდეთ, ჩვენს გარშემო ყველას აქვს გააზრებული მშობლობის, დედობის ან მამობის როლი? ჩვენი გარემო ხელს უწყობს ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას? რამდენმა ადამიანმა იცის რა პირობები და გარემოა საჭირო მშობლობის როლის შესრულებისათვის და ამ გარემოში რამდენად აქვს აღებული პასუხისმგებლობა ახალი სიცოცხლის მოვლენისათვის?


რამდენად ვიბრძვით ჩვენ დედები, მამები, ბებიები და ბაბუები ჩვენი სოციალური როლის „მშობლობის“ პირობების გაუმჯობესებისათვის? მხოლოდ ვიშვიშია, მხოლოდ პოსტები ისიც კონკრეტული არასასურველი ან ნეგატიური ფაქტების მიმართ და ამით მხოლოდ ჩვენს ეგოს ვიფხანთ, ისევ ინფანტილურად ვიკმაყოფილებთ ჩვენი „კეთლშობილობის“ როლს. გარემოც მუდამ გვასაზრდოებს ამ შინაარსებით.


ჩვენ ვართ გარემოში სადაც მკვდრები უფრო გვიყვარს, ვიდრე ცოცხლები, სადაც ჯერ ბავშვები უწამლოდ უნდა დაიტანჯონ და მერე ვიწყებთ ამ თემაზე საუბარს, გლოვას, ცრემლის ღვრას, ისიც ცოტა ხანი და უშედეგოდ. ჩვენ ვართ გარემოში, სადაც ჩვენს პასუხისგებლობის არიდებას ვყიდულობთ - გადავრიცხავთ 1 ლარს იმ ბავშვის სიცოცხლის გადასარჩებად, რომლის შესახებაც ვიღაცა გვეტყვის, მერე რა რომ 200 000 ბავშვი ყოველ დღე შიმშილობს და სიკვდილის ზღვარზეა? „მე რაც შევძელი იმით დავეხმარე“... „პოლიტიკა ჩემი საქმე არაა“... „აბა ომი გინდა?“.... „მეტი რა შემიძლია...“. აი პრობლემაც აქაა, რომ ქარის წისქვილების დევნა ვისწავლეთ და ამით ტკბობაც.


და ბოლოს, სანამ დედები გავხდებით, რამდენად გააზრებული გვაქვს ის გარემო, ის რეალური შესაძლბელობები, პირობები, სადაც „დედობის“ სოციალური როლის მორგებას ვაპირებთ? რამდენად ვასწავლით ჩვენს შვილებს რეალურ გარემოში ოპერირებას და ამ გარემოში ბედნიერების მიღწევას? რამდენად ხშირად ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენი შვილების ბედნიერებაზე - ჩვენი შვილების და არა ჩვენი პირადი პროექტის ჩვენს შვილთან დაკავშირებით? რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი კონტროლის ზონა ჩვენს მშობლობასთან მიმართებაში? რამდენად გააზრებული გვაქვს რომ სამყაროში არავინ არავისთან ვალდებული არაა და თუ სოციალური გარემოს წესები გვინდა შეიცვალოს და დაკანონდეს, ამას ბრძოლა და ასევე, საკმაოდი დიდი დროის ინვესტირება სჭირდება? რა ინვესიტიციებს ვაკეთებთ ჩვენი დროის, ფინანსების და შესაძლებლობების განვითარებული და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად?



როდესაც დედა გავხდი, ამ საკითხებზე ნაფიქრი არ მქონდა, მეც ინფანტილური მოთხოვნილებები და სურვილები მქონდა რომ გარემოში ყველას მხარი დაეჭირა ჩემთვის, რადგანაც საოცრად ლამაზი არსებები გავაჩინე. თუმცა მალევე მივხდი რომ ამ ქვეყანაში მარტო იბრძვი, ეცემი, გთელავენ, მაგრამ ამ პირობებშიც შესაძლებელია ბევრი რამის მიღწევა, თუმცა საკმაოდ დიდ ფასად. ჩემი სურვილები, დრო, ძილი, ჯანმრთელობა, ნერვები, შემოსავალი ყველაფერი ჩემი "დედობის“ სოციალური როლის განხორციელებაში ჩავდე. მაგრამ, ვფიქრობ ღირდა ამად, რადგანაც სიკვდილზე გამარჯვებაც სწორედ ამ ბრძოლით ჩევძელი ჩემს შვილთან ერთად, თავისუფლების სიყვარულიც მხოლოდ მაშინ ვისწავლე და მაშინ გავაცნობიერე რომ მიუხედავად იმისა რომ მუდმივ უმცირესობაში ვარ, მაინც უნდა ვიბრძოლო და ისევე როგორც წყლის წვეთი ხვრეტს ქვას, ეს სასტიკი გარემოც ადრე თუ გვიან გადატყდება და ბევრად ხელშემწყობი გახდება. თუმცა ამ გარემოს ცვლილებების მოლოდინში ჩემი შვილების მომავლის შეწირვას არ ვაპირებ, ამიტომ მათი დაბადების წუთებიდან ზუსტად ვიცოდი რომ სხვა გარემო უნდა მომეძებნა, ბევრად თანასწორი, შესაძლებლობებით სავსე და ამ გზას დავადექი. ჩემი ელენე სხვა კონტინენტზე ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას, ბევრად ბედნიერია და ამისათვის ჩემი ხარკი მაქვს გადასახდელი, ყოველდღიური მონატრება, ჩემი ელეს შეხება, ჩახუტება, მისი სუნი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან უკვე ორი მეორე წელია გამქრალია და სწორედ ეს ტკივილი და სიცარიელე ჩემი პასუხისმგებლობის ტვირთია.




-------------------------------------------------------------------------------

თვითრეფლექსია ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების აუცილებელი უნარია. ამიტომ შევქმენი სახელმძღვანელო, რომელიც თვითგანვითარებასა და თვითრეფლექსიის უნარის გაღვივებას ემსახურება.


10 ნოემბერს, ამ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია იქნება ლიტერატურის მუზეუმში, 19.00 საათზე, დასწრება თავისუფალია.


წიგნის წინასწარ შეძენა სპეციალურ ფასად ახლავე შეგიძლიათ. აქ - https://cutt.ly/NwWikQmz





Comentarios


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page