"IQ gets you hired, but EQ gets you promoted"
აკონტროლეთ თქვენი ემოციები, განცდები, სანამ ისინი დაიწყებენ თქვენი ცხოვრების მართვას. ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი ემოციური ინტელექტია. სანამ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვნებაზე ვისაუბრებ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ცხოვრების ნებისმიერ მომენტში 180 გრადუსით შევცალოთ ჩვენი ცხოვრება და გავხადოთ ის უფრო წარმატებული, ეფექტური და ბედნიერი.
რატომ არის ემოციური ინტელექტი ასე მნიშვნელოვანი?
არაერთი კვლევით დადგენილია, რომ წარმატებული ადამიანები გამოირჩევიან ემოციური ინტელექტის (EQ) განვითარების მაღალი დონით.
დანიელ გოლმენის კვლევის საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: მენეჯერული მუშაობის (მმართველობითი საქმიანობის) ეფექტურობისთვის EQ არის გადამწყვეტი - მუშაობის წარმატება 85% განისაზღვრება ემოციური ინტელექტის დონით, ხოლო მხოლოდ 15% განისაზღვრება IQ-ით.
ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ. მაიერის და პ. სალოვეის კვლევის შედეგების მიხედვით, „ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის EQ, გარკვეულ სფეროებში უფრო სწრაფად აღწევენ პროგრესს, განვითარებას და თავიანთი შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ“.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, უფრო ეფექტურად მოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციებში, უკეთ მართავენ დაქვემდებარებულებს, თავისუფლები არიან მრავალი შიშისა და ეჭვისგან და შეუძლიათ ადვილად იმოქმედონ და იურთიერთონ ადამიანებთან თავიანთი მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, ემოციური ინტელექტი გვეხმარება სხვა ადამიანების მოტივების, მიზენების გაგებაში და მათთან ეფექტური ურთიერთობის გზების პოვნაში.
ემოციური ინტელექტი აყალიბებს, ავითარებს ოთს უნარს:
· საკუთარი თავის აღქმა (თვითცნობიერება);
· საკუთარი თავის მართვა (თვითკონტროლი);
· სოციალური მგრძნობელობა (ემპათია);
· ურთიერთობების მართვა.
პირველი ორი ეხება ინტრაპერსონალურ კომპეტენციას, დანარჩენი - სოციალურს.
საკუთარი თავის აღქმა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების გააზრება. საკუთარი ემოციების გაგების უნარი, იმის გააზრება, თუ რატომ იწვევს ესა თუ ის მოვლენა კონკრეტულ ემოციურ რეაქციას. თვით აღქმის მაღალი ხარისხის მქონე ადამიანებს ახასიათებთ სიცხადე იმის გააზრებაში, თუ რას აკეთებენ კარგად, რა იწვევს მათ მოტივაციას და კმაყოფილებას. მაღალი თვითცნობიერების მქონე ადამიანი უფრო ეფექტურად იყენებს შესაძლებლობებს, იყენებს თავის ძლიერ მხარეებს სამუშაო საკითხების გადასაჭრელად და ემოციებს საშუალებას არ აძლევს ხელი შეუშალოს დასახული მიზნის მიღწევაში.
საკუთარი თავის მართვა არის თქვენი ემოციების ცოდნის გამოყენების უნარი, რათა იყოთ მოქნილი და თქვენთვის სასარგებლოდ მართოთ თქვენი სააზროვნო სისტემა და ქცევა.
სოციალური მგრძობელობა/სენსიტიურობა გულისხმობს სხვა ადამიანების ემოციების აღქმის უნარს და იმის გაგებას, თუ სინამდვილეში რა იწვევს ემოციებს მათში. ამ უნარის განსავითარებლად, თქვენ უნდა შეგეძლოთ მოსმენა და დაკვირვება.
ურთიერთობის მენეჯმენტი, მართვა არის საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების აღქმის უნარის გამოყენების შესაძლებლობა ეფექტური, წარმატებაზე ორიენტირებული ურთიერთობის დამყარების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი უნარის განვითარებას 21-დან 90 დღემდე სჭირდება, ამიტომ ყოველ დღე დაუთმეთ თუნდაც 5 წუთი თქვენთვის სასურველ უნარზე მუშაობას და მაქსიმუმ 3 თვეში იგი ავტომატიზმად იქცევა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ჰარმონიულ ცხოვრებას.
Comments