ყოველთვის მიყვარდა დღესასწაულები: დაბადების დღეები, ახალი წელი, ან ნებისმიერი საჯარო ღონისძიებები. ალბათ, ბავშვობიდან რომანტიკოსი ვაყავი, სადღესასწაულო დეკორაციები, აღნიშვნის სცენარები, საჩუქრები ჩემთვის მნიშვნელოვანი არტიბუტები იყო და შეიძლება ითქვას, თითოეულ დეტალზე ფიქრი, დღესასწაულთან მიახლოება უკვე დიდ, ზღაპრულ, პოზიტივით და სიყვარულით სავსე სამყაროს ქმნიდა, სადაც ყველა, მხიარულ, ბედნიერ და სიურპრიზებით სავსე სამყაროში უნდა გადაბარგებულიყო.
ზრდასრულ ასაკში გავაცნობიერე, რომ თითოეული დღესასწაული ჩემთვის მიზეზი იყო სიყვარულისა და სისცოცხლის აღსანიშნად. ბავშვობიდან ვეძებდი რაღაც ჯადოსნურს, პოზიტიურსა და სიყვარულით სავსეს. ვიცოდი, რომ მხოლოდ ის, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, არ იყო სრულფასოვანი ასახვა სიცოცხლისა და სიყვარულის.
ვალდებულებითი და მზა წარმატების შაბლონებით გამოჭედილი ხედვების მიუხედავად, გადამეტებული მზრუნელობისა და სიყვარულის პრიზმებში გახლართული, სამყაროს დანახვის სრულიად სხვა ფილტრებს ვეძებდი, სადაც ლამაზი, ჰაეროვანი და აღმაფრენი განცდები იქნებოდა მთავარი. პარატარობაში, ამ სამყაროს ძიების გზა პროტესტებსა და ჯანყში მეგონა, სადაც მე სხვა რამ მინდოდა თუმცა ეს „ნდომა“ მხოლოდ განცდისეულად ვიცოდი... მაშინ, პროტესტის ერთ-ერთ გზად გაქცევა მიმაჩნდა. გაქცევა, როგორც ახალი გზის ძიების შესაძლებლობა.
ახლა მეცინება, როდესაც ვიხსენებ ჩემს განცდებს, რომანტიულ ხედვებსა და უამრავ სისულელეს, რომელიც საკუთარი თავის ძიების დროს ჩავიდინე, თუმცა ეს ალბათ სხვა ისტორიაა და ამაზე სხვა დროს მოგიყვები. ახლა იმ დღეზე მინდა გიამბო, როდესაც ჩემი თავი შევიყვარე, პირველად ვიგრძენი აღფრთოვანება საკუთარი თავით და ალბათ, სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ცხოვრება თავიდან. ბევრი ცხოვრებით ვიცხოვრე, თუმცა ჩემი დასაწყისი, სადაც მე, არა როგორც მნიშნელოვანი გენების, ან გვარის წარმომადგენელმა, არამედ დამოუკიდებელმა ადამიანმა განვიცადე საკუთარი თავი; როცა ვიგრძენი, რომ გარეთ კი არა, ჩემშია დამალული ეს დიდი სამყარო და სწორედ ეს თავბრუდამხვევი კარი უნდა შემეღო. ამ გზაზე საინეტერესო თავგადასავლები გავიარე, თუმცა შენ რომ არა, ჩემი ფენიქსური ცხოვრების საოცარი მოგზაურობა ასეთი საინტერესო არ იქნებოდა.
დიდი შესავალი გამომივიდა და იმედია არ მიწყენ. ვცდილობ, ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ ერთ წერილში მოვათავსო. იმასაც ვხდვები, რომ არ გამომდის.
22 წელი მე და შენ ერთად ვიცხოვრეთ, სადაც მე დედა მერქვა, თუმცა რეალურად, შენი დაბადებით მეც თავიდან დავიბადე. მაშინ ზუსტად ვიგრძენი საკუთარი თავი, სიყვარული, აღფრთოვანება, სიამაყე და ამ განცდების, ემოციების სამყაროსათვის გაზიარებაც გადავწყვიტე. შენ დაიბადე და მე გამაჩინე. არ ვიცი არსებობს თუ არა სიტყვები, რომლებიც ამ ჩემი სიყვარულის გადმოცემას შეძლებენ...
წლების განმავლობაში ბევრი ქარტეხილი, თავგადასავალი და ემოციების კორიანტელი გავიარეთ ერთად. ალბათ, ერთმანეთი გავაჩინეთ და მერე ერთმანეთის გაზრდაც დავიწყეთ. რა საოცარია სამყარო - სწორედ მაშინ, როდესაც არ ელოდები, ზუსტად მაშინ გაძლევს შესაძლებლობას იცხოვრო და არსებობა საინტერესო ცხოვრების თავგადასავლად აქციო.
2022 წლამდე ვფიქრობდი ამაზე მეტი რაც შენ ცხოვრებაში მაჩუქე, ვერაფერი იქნებოდა...
შარშანდელი წელი განსხვავებული იყო, ემოციურადაც, ყოველდღიურობითაც. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ფრთხილად შემეკითხე: რას ფიქრობ, ნიუ იურკში რომ გადავიდე საცხოვრებლად და იქ გავაგრძელო საკუთარი თავის ძიებაო? იმ წუთას, ეს სიტყვები, ცამოწმენდილზე, მეხის გავარდნას ჰგავდა ჩემთვის... ბევრი ვილაპარაკეთ შენი მომავლის შესახებ. მე კი არა, შენ წერდი სცენარს და მე შენს მომავალში ვმოგზაურობდი. იმდენად მკაფიო იყო შენი ხედვა, საინტერესო და თავბრუდამხვვი, რაღაც მომენტში ვიფიქრე, ლამაზ ფილმს ვუყურებ-მეთქი. მერე უცებ გაჩუმდი... პატარა პაუზა სამყაროს დაპაუზებას დაემსგავსა.... შემომხედე და მითხარი - დედა, სამყაროში მხოლოდ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია გადამაფიქრებინოს, თან მინდა იცოდე რომ თუ შენ ფიქრობ რომ წასვლა არ ღირს, დავრჩები და თან ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს ვინანებ ამასო... ამიტომ შენი ხედვა მჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებითო...
ოჰ, რა რთული მოსასმენი და იმავდროულად რა საოცარი განცდების ბრძოლა დაიწყო ჩემში... ხმას ვერ ვიღებდი, გონება ყვიროდა გაუშვიო, ხოლო გული კიოდა - არაო. ზუსტად მივხვდი, ვერაფერს გეტყოდი, მხოლოდ ერთი ამოვილუღლუღე: მოდი ცოტას დავფიქრდები-მეთქი. ერთი კვირა ავიღე მოსაფიქრებლად. მაინც რა ეგოისტი ვარ, არა?
ეს ერთი კვირა იყო გულისა და გონების ჭიდილი. როგორც კი შენი მომავლის სცენარი მოვისმინე, პასუხი მზად მქონდა, თუმცა დრო ჩემი ცხოვრების სცენარის დასანახად მჭირდებოდა. ასე გადაწყვიტე შენი საოცარი ცხოვრების დაწყება და ალბათ, ვერც კი მიხვდი, რომ მეც სრულიად ახალი, უცხო და საინტერესო კარი გამიღე.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ისევე, როგორც 22 წლის წინ გამაჩინე, ახლაც ახალ სიცოცხლეს მჩუქნიდი. გაზაფხულის ჩვენი დიალოგი, დაახლოებით, იმას ჰგავდა, ექოსკოპიაზე რომ ახარებენ ქალს: ,,თქვენ მალე დედა გახდებით’’. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მე მახარეს: თქვენ მალე ისევ დაიბადებითო.
ჰო, აუცილებლად უნდა გითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. სტანდარტულ სამყაროში დედები აჩენენ შვილებს. ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ განსაკუთრებული შვილები აჩენენ დედებს. შენ კი ასეთი ხარ. მე გამაჩინე, თან რამდენჯერმე.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ბოლო დაბადება ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. თითქოს, სამყაროც მანიშნებდა, რომ გარდასახვის, ან თავიდან დაბადების დროა. ჩემი ფენიქსური ცხოვრება კვლავ ამოქმედდა...
ისე მოხდა, რომ გამგზავრების თარიღი შეიცვალა. არასოდეს დამავიწყდება შენი გაყინული სახე, როდესაც ისევ აივანზე გამიყვანე, რაღაც უნდა გითხრაო. შემეშინდა... თვალცრემლიანმა შემატყობინე, თარიღი შეიცვალა და შენს დაბადების დღეზე მიწევს გაფრენაო. მე ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი ამისათვის და ღიმილით გითხარი: არაუშავს, ფაქტობრივად, შენი ახალი ცხოვრების აღნიშვნა იქნება-მეთქი. მაშინაც კი ვერ მივხდი, რომ ახალი ნინი უნდა დაბადებულიყო...
21 ივნისის დილა გათენდა, ისევ ჩვენს აივანზე დავსხედით, დილის ყავის რიტუალზე... ჩუმად ვიყავით, თითქოს, განშორების დროის შეჩერაბას ვცდილობდით. მდუმარე ყავას ჩახუტება, მოფერება და ცრემლები მოჰყვა... ტელეფონმაც დარეკა. 15 წუთში უნდა წავიდეო, მითხარი. იმ წამს ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა, ვერ გადავიტანდი. ჩემს თავს ვუბრძანე: აბა, ახლა თავი ხელში აიყვანე და ელენე სიყვარულის ენერგიით გაუშვი-მეთქი. ძალიან ვცდილობდი, მხნე და ბედნიერი ვყოფილიყავი.
აი, ბოლო ჩახუტება გაფრენამდე, სხეულის ყველა უჯრედით ვცდილობდი, შენთვის ჩემი სიყვარული გადმომეცა. ყელში გორგალი ისე მიჭერდა, სუნთქვაც შემიჩერდა... გაგიღიმე და ხელი გაგიშვი... ალბათ, რეალური ჭიპლარი სწორედ ამ დროს გადაიჭრა.
ხომ იცი, ბავშვი ტკივილითა და წინააღმდეგობების გადალახვით იბადება ბუნებრივად. სწორედ ამ გზას ჰგავდა ჩემი მდგომარეობა. ისევე როგორც ბავშვის დაბადებისას, შენი ხელის გაშვებისა და თვალსაწიერიდან იმ წუთას მოშორების წამს, საოცარი ტკივილი ვიგრძენი. ფეხები მომეკვეთა, ასფალტზე დავჯექი და სწორედ ისე, როგორც პატარა ბავშებმა იციან, ხმამაღლა ავტირდი. მე დავიბადე...
2022 წლის 21 ივნისს თავიდან დავიბადე.
მადლიერება ყველაზე დიდი პოზიტიური ძალაა, ამიტომ ჩემი თავიდან დაბადების ერთი წლის თავზე მინდა მადლობა გადაგიხადო.
ამ ერთი წლის მანძილზე საოცარი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. სიყვარულის სიღრმეში შევცურე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს გრძნობა უსასრულოა არა მხოლოდ თავისი არსებობით, არამედ მისი განცდისეული მრავალფეროვნებითაც. ელე, შენ რომ არა, ამას ვერასოდეს განვიცდიდი. მადლობა ასევე იმისათვისაც, რომ მასწავლე ჩემი ცხოვრების ადამიანებისათვის სრული თავისუფლების მინიჭება და ამით დატკბობა. მადლობა, რომ ჩვენი ერთად არსებობის მანძილზე ხელს უწყობ ჩემში პოზიტიური, ჰარმონიული ხედვებისა და ქცევების განვითარებას.
მიყვარხარ დედამიწის გულიდან, გალაქტიკის უკანასკნელ წერტილამდე. შენი არსებობით ჩემი ცხოვრების მნიშნელობა და შინაარსი ვიპოვე. ბევრი როლი გავიარე და ალბათ, კიდევ უმარავს მიმზადებ მომავალშიც.
ელენე მადლობა იმისათვის, რომ გამაჩინე, სამყაროს მრავალფეროვნების, ქაოსის, განშორების, აღრთოვანების კარი გამიღე და საკუთარი თავის სიყვარულიც მასწავლე.
სამყაროში, ძირითადად, დედები აჩენენ შვილებს, თუმცა განსაკუთრებული შვილები დედებსაც აჩენენ. სწორედ ასეთი განსაკუთრებული ხარ შენ.
მიყვარხარ უსაზღვროდ,
დედა.
21.06. 2023 წელი.
Comments