„უსიყავარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“.
სიყვარული ერთ-ერთი თითქოსდა ამოუხსენილი, მაგრამ ყველასათვის მიმზიდველი გრძნობაა. ამოუხსნელობის მიუხედავად ვგრძნობთ, გვიპყობს, გვაფორიაქებს და სტიმულს გვაძლევს. ყველას თავისებური გაგება აქვს სიყვარულის და ხშირად დიდი კამათიც მინახავს, თუ როგორ უმტკიცებს ერთი ადამიანი მეორეს ეგ სიყვარული არააო.
ჩემთვის სიყვარული ცხოვრების მამოძრავებელი ძალა და რთულ ვითარებაში მთავარი საყრდენია. ჩემთვის სიყვარულიც და შეყვარებულობაც განსხვადება ერთმანეთისაგან, თუმცა ეს სხვა განხილვის თემაა.
მეგობრებში, ნაცობობებში, სხვადასხვა ნაწარმოებებში და ჩემს კლიენტებშიც კი ხშირად ურთიერთობების განხილვისას ერთ-ერთი მთავარი ბარიერი სიყვარულის განსხვავებულ ენაზე საუბარია.
რა საოცარია სამყარო, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან ჯერ ლაპარაკს, შემდეგ უცხო ენებსაც, თუმცა ცხოვრების მთავარ გრძნობას თუ თავისი ენა აქვს, ამას არავინ გვეუბნება. არადა დაბადებიდან გაუცნობიერებლად ვეუფლებით მას.
სიყვარულის ენის ცოდნა დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ხედვებზე, მოლოდინებზე, ურთიერთობებზე. მისი ფლობა უფრო საინტერესოს და პოზიტივით სავსეს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას. Წლების წინ აღმოვაჩინე გარი ჩეპმენის წიგნი სიყვარულის 5 ენა, დავიწყე ამ ენების შესწავლა და მიმაჩნია, რომ ამ ენებმა ჩემი ცხოვრების ტრანსფორმაციას, ბედნიერების და წარმატებული ურთიერთობების გამნტკიცებას შეუწყო ხელი.
ურთიერთობების დიდი ნაწილი ირღვევა, უფერულდება ან სულაც თითქოსდა ქრება არა იმიტომ, რომ ადამიანები ამ გრძნობას კარგავენ, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულის სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. გარი ჩეპმენი გამოყოფს ემოციური სიყვარულის 5 ენას და მათ განსხვავებულ დიალექტებს.
გასხვავებულ სიყვარულის ენაზე საუბარი არასწორ მოლოდინებსაც გვიქმნის საყვარელი ადამიანების მიმართ, იქნება ეს პარტნიორი, მეუღლე, შვილი, მეგობრარი თუ სხვა.
ამიტომ დროს აღარ წაგართმევთ და შევეცდები მოკლედ აგიხსნათ სიყვარულის 5 ენა.
სიყვარულის ენა #1 - სიტყვები
უბრალო, გულწრფელი, თბილი, წამახალისებელი, მხარდაჭერისა და ქების სიტყვები არის ის, რაც ბევრ ჩვენგანს აკლია. ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში საკმარისად არ აქებდნენ, მოთხოვნილება აქვთ პარტნიორმა არა მხოლოდ დააფასოს და პატივი სცეს მათ, არამედ შეძლოს ამაზე ღიად საუბარი. გარდა ამისა, ყველა ჩვენგანს დროდადრო ეჭვი ეპარება საკუთარ თავში, შეგვიძლია თუ არა წარმატების მიღწევა. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის სიტყვებმა კი შეიძლება გაგვახალისოს, გაგვამხნევოს და თავდაჯერებულობა მოგვცეს, გვიბიძგოს დავიწყოთ იმ საქმის კეთება, რაც გვსურს, მაგრამ რისთვისაც ჯერ არ გვაქვს გამბედაობა.
სიყვარულის ეს ენა საუბრობს კეთილი სიტყვების ენაზე. სიყვარული ამ ენაზე ასევე ნიშნავს პატიების თხოვნის შესაძლებლობას და პატიებას - თქმას "მე გპატიობ". და დაიმახსოვრეთ, სიყვარულის სიტყვების ენაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას ვამბობთ, არამედ როგორ ვსაუბრობთ. ერთი და იგივე ფრაზა შეიძლება ითქვას სრულიად განსხვავებულად.
სიყვარულის ენა #2 - დრო
ვინმესთან დროის გატარება ნიშნავს იმას, რომ თქვენი სრული ყურადღება მისკენ არის მიმართული. დრო არის ყველაზე ღირებული რესურსი, ამიტომ როდესაც მას ვუზიარებთ სხვა ადამიანს, ამასთან ერთად ვაძლევთ ჩვენი ცხოვრების, საკუთარი თავის ნაწილს. ერთად ყოფნა და სიახლოვე, ანუ გვერდიგვერდ ყოფნა ორი განსხვავებული რამაა. ერთად ყოფნა ნიშნავს შევხედოთ ერთმანეთს, ვისაუბროთ, გავიგოთ, გავუზიაროთ. დივანზე ერთმანეთის გვერდით ჯდომა და ტელევიზორის ყურება სულაც არ არის იგივე, რაც საუზმეზე საუბარი მობილურის სქროლვით.
რა არის სიყვარულის ენაში სიტყვების ენის და დროის ენის ფუნდამენტური განსხვავება? სიტყვების ენით მნიშვნელოვანია უთხრათ თქვენს პარტნიორს, რამდენად ღირებულია ის; დროის ენაზე მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ, გაიგოთ, იგრძნოთ, უთანაგრძნოთ და მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ხშირად, ხდება ისე, რომ როცა პარტნიორი გვიზიარებს თავის პრობლემებს, ფიქრებს, დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, პირველი იმპულსი რაც მოდის, არის მივცეთ რჩევა, თუ როგორ გადაჭრას პრობლემა. მაგრამ ეს არ არის ის, რაც დროის ენაზე მოსაუბრე პარტნიორს სჭირდება. დროის ენაზე მოსაუბრეს სჭირდება მოსმენა, თანაგანცდა რათა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება, მას სჭირდება თანაგრძნობა და მხარდაჭერა, გრძნობა, რომ გიყვარს და გჯერა მისი, რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. შემდეგ კი ის ადვილად გაუმკლავდება თავის პრობლემებს.
სიყვარულის ენა #3 - საჩუქრები
თუ სიყვარული გაცემაა, მაშინ საჩუქრები იდეალურად ერგება ამ განმარტებას. საჩუქარი სიყვარულის თვალსაჩინო განსახიერებაა ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანისათვის. ვფიქრობ, ეს ენა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია სასწავლად. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანისათვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რა ღირებულებისაა საჩუქარი, რამდენადაც მნიშვნელოვანია მისი ინტენსივობა. საჩუქარი ამ შემთხვევაში არის თქვენი ემოციის და ფიქრების განსახიერება თქვენი პარტნიორისათვის.
სიყვარულის ენა #4 - დახმარება
დახმარება - აკეთო რაიმე სხვა ადამიანისათვის და ამით გამოხატო შენი მზრუნველობა მოქმედებაში. ეს არის გაცვლა, ურთიერთდახმარება რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თქვენი ალიანსი. დახმარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუ სიამოვნებით ეხმარებით თქვენს პარტნიორს, ამით გამოხატავთ თქვენს სიყვარულს.
სიყვარულის ენა #5 - შეხება
შეხების საშუალებით შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი გრძნობების მრავალი ელფერი: სინაზით, მზრუნველობით, სიყვარულით დაწყებული და ლტოლვით დამთავრებული. ზოგისთვის ეს სიყვარულის გრძნობის გამოხატვის ერთადერთი გზაა. ტაქტილური რეცეპტორები განლაგებულია მთელ სხეულში, რაც ამ ენას მრავალ ელფერს და შესაძლებლობას ანიჭებს: ნებისმიერ ნაზ შეხებას შეუძლია სიყვარულზე საუბარი, ხოლო მცირე უხეშობა, ან უზუსტობაც კი, შეიძლება განიმარტოს, როგორც ღრმა შეურაცხყოფა. ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორის ხელის მოკიდება, ჩახუტება, ნებისმიერი შეხება, კოცნა, ამბორი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სექსს და თუ ამ შეხებების ნაკლებობას განიცდიან, მაშინვე ეჭვი უჩნდებათ უყვარს თუ არა პარტნიორს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ თქვენ ურთიერთობაში ინტიმი გიზიდავთ, სულაც არ ნიშნავს რომ თქვენი სიყვარულის ენა არის შეხება. სიყვარულის ეს ენა ბევრად უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მხოლოდ ინტიმი.
აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა ურთიერთობაში სიყვარულის ხუთივე ენაზე საუბრობდეთ, მაგრამ ერთ-ერთი ენა მაინც არის წამყვანი, დომინანტური. ამიტომ აბა დაუკვირდით სიყვარულის რა ენაზე საუბრობთ თქვენ და რა ენაზე საუბრობენ თქვენს გარემოში?
თუ განიცდით პარტნიორთან ურთერთობაში ბარიერებს, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და შესაძლოა მხოლოდ ერთი შეხვედრაც საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი ბარიერების იდენტიფიცირებისათვის და დაძლევის გზების შესამუშავებლად.
ნუ გააფერკმრთალებთ თქვენი სიყვარულის ემოციას, დარეკეთ +995 595 75 11 22 და ჩაეწერეთ ვიზიტზე!
Comments