top of page
Writer's pictureNini Chachia

სკოლისაკენ ჰერი, ჰერი!



ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სიმშვიდე, გართობა და დასვენებაა. როდესაც მაღვიძარა გამორთულია, ვალდებულებები და პასუხიმგებლობები მინიმუმამდე დაყვანილი და ფაქტობრივად, ბავშვები მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ხალისზე არიან ორიენტირებულები. აქვე აღვნიშნავ, რომ საზაფხულო არდადეგები ყველაზე გრძელვადიანი დასვენებაა სასწავლო პროცესში და ეს თავის მხრივ, კიდე უფრო ართულებს აქტიურ, საქმიან ყოველდღიურ რუტინასა თუ პასუხისმეგლობებში, სასკოლო პროცესის გარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო მარათონებში ჩართვის მზაობას. ხომ გაგიგიათ, მიუჩვეველლს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო? სწორედ ამ მოვლენასთან გვიწევს შეჯახება, როდესაც სექტემბერი ახლოვდება და სასკოლო პროცესი გვიახლოვდება.



დღეს სასკოლო პროცესში დაბრუნების თემაზე მინდა გესაუბროთ და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩემი აზრით, დაგეხმარებათ სწავლის პროცესს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად დავუბრუნდეთ ყველა. დიახ, განზრახ გამოვიყენე ეს სიტყვა „ყველა“, რადგანაც ამ პერიოდთან ადაპტაცია გვესაჭიროება მშობლებსაც და შვილებსაც.


სკოლის დაწყება ან სკოლაში პირველად წასვლა ის ეტაპებია, რომელსაც გარკვეული შფოთვა შეიძლება ახლდეს ბავშვებში, მოსწავლეებში. კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ბავშვებში შფოთვის გამომწვევი მიზეზი, რა ნიშნებით ვლინდება სკოლაში დაბრუნების შფოთვა და რა მოვიმოქმედოთ ამ პრობლემებთან გასამკლავებლად?


პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინასწარ გავიაზროთ და დავგეგმოთ სკოლაში დაბრუნების, ანუ ამ პასუხისმგებლობებთან ადაპტაციის გეგმა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, ჩვენი შვილები თანდათან მოვამზადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისათვის: სტრუქტურირებული დღე და რუტინა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს, ვინც წინასწარ ემზადება სასკოლო გამოწვევებისათვის, უფრო პოზიტიური ემოციები და უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც განრიგი თავისუფალი დროის აქტივობების, კონკრეტულ დროს განსახორციელებლად, მისცეთ ბავშვებს შესაძლებლობა დღიურში აღნიშნონ საზაფხულო არდადეგების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, ან დაავალოთ მათ გასაკეთებელ საქმეთა სიის წარმოება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თანამიმდევრობის და სტრუქტურირების უნარების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ სასწავლო წლის განმავლობაში.



სკოლაში დაბრუნებისას შფოთვა ჩვენი ადაპტაციური უნარის ბუნებრივი გამოვლინებაა. Მნიშვნელოვანია, ამ დროს ბავშვებს დავეხმართო შფოთვის გააზრებაში, მართვაში, რათა ის არ გადაიარდოს უფრო მწვავე ფორმაში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბავშვის თუნდაც ჩვეულებრივი სასკოლო დღე სავსეა პოტენციური სტრესორებით. სტრესორების მიზეზები კი მრავალფეროვანია:


· საყვარელ ოჯახის წევრებთან განშორება - ამას განშორების შფოთავსაც ვუწოდებთ;

· დამეგობრების გამოწვევები ანუ თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები

· გარშემომყოფების ან მშოლების აკადემიური მოლოდინების დაუკმაყოფილებლობის შიში;

· სკოლის სივრცეში ადაპტაციის შიში - ნავიგაციის სირთულე;

ამ ტიპის შფოთვის ნიშნები ინდივიდუალურია. შფოთვა სხვაგვარად გამოიყურება მცირეწლოვან ბავშვებში და განსხვავებულია შედარებით გვიან ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში. შფოთვა შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებულად გამოვლინდეს: სკოლისგან თავის არიდების ქცევაში, გარშემომყოფებთან კონტაქტის სრულ გაწყვეტაში ან ზოგიერთთან კი პირიქით, სკოლაზე მიჯაჭვასა და გადაჭარბებულ თავგანწირვაში მეცადინეობის მხრივ ( ჩაფლავების, წარუმატებლობის მაქსიმალური პრევენციის მიზნით) და არათუ თანატოლებთან ურთიერთობის სურვილის არ ქონაში, არამედ პირიქით, უჩვეულოდ მეგობრული როლის მორგებაში, რაც შესაძლოა შემაწუხებელიც კი იყოს თანატოლებისთვის.


ბავშვებში შფოთვის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:


· გაზრდილი ფიზიკური ჩივილები, ანუ ხშირი მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი ან გულისრევა, კანკალი, გულის აჩქარება, გაფითრება მიზეზის გარეშე, ასევე ემოციური არამდგრადობა - სიბრაზე/მრისხანების შეტევა/ ამოფრქვევებითაც კი;


· კვების ან ძილის რეჟიმის ცვლილებები;


· ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართ;


· გაღიზიანებადობა და/ან ხასიათის სწრაფი ცვლილებები;


· კონცენტრაციის სირთულეები;


· მუდმივი შფოთვა, ღელვა.

მოსწავლეების შფოთვა შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:


· აკადემიური გამოწვევები – ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული სირთულეები და შიში და შფოთვაც აქედან მომდინარეობდეს.

· ინტერპერსონალური სირთულეები - ვიღაცას ურთიერთობები მარტივად გამოსდის, უპრობლემოდ ახერხებს ახალი მეგობრების გაჩენას, მათ შენარჩუნებას შემდგომში. ვიღაცისთვის კი, სწორედაც რომ, სხვა ბავშვებთან ურთიერთობები, პედაგოგებთან დამოკიდებულება, სოციალური ურთიერთობებია ყველაზე დიდი გამოწვევა სკოლაში.

· ბულინგი – ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი წინაპირობაა ბავშვის შფოთვის და სკოლასთან დაკავშირებული უსიამოვნო განცდების. რაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ცუდად მართული და ზოგადად მიჩქმალულ-მიმალულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ბულინგის სახეებსა და თავდაცვის მექანიზმებზე ვესაუბროთ.

· ოჯახის საყვარელი წევრებისგან განცალკევება ასევე შეიძლება იყოს სტრესის მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.


თუ თქვენი შვილი განსაკუთრებულად შფოთავს ან მას აწუხებს სკოლის დაწყება, ნაცვლად იმისა, რომ უგულებელყოთ მისი შფოთვა, მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ მას ამ თემაზე დაწვრილებით, რათა თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ მხარს უჭერთ, გესმის მისი, მზად ხართ მოსასმენად და პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად. განიხილეთ ის თემები, რის გამოც თქვენი შვილი ღელავს, შესთავაზეთ და დაანახეთ ამ შფოთვის მართვის სხვადასხვა ვერსიები და, რაც მთავარია, მიეცით შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ სტრატეგიას აირჩევს. შესთავაზეთ, შესაძლოა წინა დღით სკოლაში მისვლა, მასწავლების/დამრიგებლის და სივრცის გაცნობა უფრო დაეხმაროს შფოთვის შემცირებაში.


ახლა მოკლედ ჩამოვთვლი, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების სკოლაში დაბრუნების ადაპტაციას:


1. შექმენით (შეიმუშავეთ) ზაფხულის დასასრულის განრიგი;


2. დასახეთ გონივრული მოლოდინები - მოსწავლეების სტრესის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის, მათი აღქმა, რომ ვერ გაამართლებენ მშობლების და მასწავლებლების მოლოდინებს. მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანია აკადემიურ საკითხებში მხარდაჭერა და საგანმანათლებლო ინტერესის წახალისება, მაგრამ არარეალური სასწავლო მიზნების დასახვა დიდ პრობლემებს იწვევს;


3. თავი აარიდეთ სხვებთან შედარებას - ერთი მიზეზთაგანი სკოლაში დაბრუნების შიშისა არის ის, რომ მოსწავლეები თავს უარესად მიიჩნევენ, როდესაც სხვებს ადარებენ თავს. შედარების პუნქტები თვითშეფასების დაქვეითბას და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას უწყობს ხელს;


4. ყურადღება გაამახვილეთ პოზიტივზე - რა გასაკვირია, რომ ბევრისათვის სკოლაში დაბრუნება ნიშნავს ადრე ადგომას, კონცენტრაციას, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ნაკლებ თავისუფალ დროს სასურველი აქტივობებისათვის, მაგრამ სკოლა ასევე იძლევა შესაძლებლობებს, რომლებიც არ არსებობს ზაფხულის განმავლობაში. სკოლაში დაბრუნება ხშირად ნიშნავს მეგობრებთან მეტ ურთიერთობას და სოციალიზაციას, სკოლის კლუბებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ექსკურსიებში მონაწილეობის მიღებისა და, რა თქმა უნდა, რაიმე ახლის სწავლის შესაძლებლობას. ნევროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი უნარებისა და შესაძლებლობების შეძენა იმის მსგავს შეგრძნებებს იწვევს ტვინში, რასაც ფულისა თუ ჯილდოს მოგება. შესაბამისად, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა გადაანაცვლონ მოსწავლის განწყობა სკოლის სასიკეთო მხარეებისაკენ, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს აკადემიურ მხარეს. თუკი მოსწავლეს სწამს, რომ სასკოლო ჩართულობით რაიმე პრაქტიკული სარგებელი ექნება, მისი სკოლაში სიარულის მოტივაცია შესამჩნევად გაიზრდება.


5. უზრუნველყავით ემოციური და აკადემიური მხარდაჭერა;


იმედი მაქვს, ჩემს მიერ განხილული საკითხები თქვენთვის სასარგებლო და ეფექტური ამოჩნდება და თითოეული ჩვენთაგანი მინიმალური შფოთვით ჩაერთვება სისტემურ და რუტინულ აქტივობებში, რასაც ახალი სასწავლო წელი ეწოდება.


Opmerkingen


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page