ფსიქოლოგის კაბინეტი თბილისში — უსაფრთხო სივრცე ინდივიდუალური ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის.

როგორ ავირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი?

ოდესაც ადამიანი პირველად იწყებს ფსიქოლოგის ძებნას, ხშირად ერთი და იგივე ფრაზას წერს: „კარგი ფსიქოლოგი თბილისში“.

რამდენიმე წუთში ეკრანზე ათობით სპეციალისტი ჩნდება. ყველას აქვს განათლება, ტრენინგები, გამოცდილება. ზოგს ათასობით გამომწერი ჰყავს, ზოგს — ძალიან ლამაზი სოციალური ქსელები, ზოგს — უამრავი რეკომენდაცია.

და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხშირად უპასუხოდ რჩება:

როგორ გავიგო, რომ სწორედ ეს ადამიანია ჩემთვის?

ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა:

— „სამი თვე ვიკრებდი ძალას, რომ ფსიქოლოგთან მოვსულიყავი. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ვერ გამიგებდნენ.“

ხშირად ადამიანები ფსიქოლოგს კი არ ეძებენ. ისინი ეძებენ ადგილს, სადაც საკუთარი თავის შესახებ შეძლებენ საუბარს.

როდესაც შინაგანად გტკივა, შენთვის არ არის მთავარი, რამდენი სერტიფიკატი აქვს ადამიანს კედელზე. პირველ რიგში გინდა გაიგო:

  • შემიძლია თუ არა აქ ჩემი სისუსტეების ჩვენება?
  • დამსჯიან თუ არა?
  • მომისმენენ თუ არა?
  • ვიქნები თუ არა უსაფრთხოდ?

ჩვენ ხშირად ვეძებთ „საუკეთესო ფსიქოლოგს“, თითქოს ეს უნივერსალური ტიტული იყოს.

მაგრამ ფსიქოთერაპია უფრო წიგნს ჰგავს.

არსებობს წიგნები, რომლებიც მილიონობით ადამიანმა შეიყვარა, მაგრამ შენ ვერ შეგეხო. და არსებობს ერთი პატარა წიგნი, რომელიც თითქოს მხოლოდ შენთვის დაიწერა.

ფსიქოთერაპევტთან ურთიერთობაც ასე მუშაობს.

რა შეიძლება გაითვალისწინოთ სპეციალისტის არჩევისას

1. განათლება და გამოცდილება

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, კონსულტანტი — ეს სხვადასხვა პროფესიული როლებია. მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი განათლება და მუდმივად აგრძელებდეს პროფესიულ განვითარებას.

2. მიდგომა

ზოგი სპეციალისტი უფრო კოგნიტურ მეთოდებს იყენებს, ზოგი — ფსიქოდინამიკურს, ზოგი — სხეულზე ორიენტირებულ ტექნიკებს, ზოგი — ინტეგრაციულ მიდგომას.

მნიშვნელოვანია, რომ მისი ხედვა თქვენთვის გასაგები იყოს.

3. უსაფრთხოების განცდა

პირველი შეხვედრის შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  • ვიგრძენი, რომ მომისმინეს?
  • შევძელი გულწრფელად საუბარი?
  • არ მეშინოდა შეფასების?

4. დრო

ნდობა ერთ სესიაში ყოველთვის არ ჩნდება. ზოგჯერ ადამიანს რამდენიმე შეხვედრა სჭირდება, რომ გაიხსნას.

5. სუპერვიზია — ვინც სხვებს უსმენს, მას თავადაც უნდა ჰყავდეს ადამიანი, ვინც მოუსმენს

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ფსიქოთერაპევტის პროფესიული განვითარება მხოლოდ დიპლომებითა და ტრენინგებით არ სრულდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სპეციალისტის არჩევისას შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება, არის სუპერვიზია.

სუპერვიზია არის პროცესი, როდესაც ფსიქოთერაპევტი საკუთარ მუშაობას გამოცდილ კოლეგასთან ან სუპერვიზორთან განიხილავს. ეს ეხმარება მას უკეთ დაინახოს პროცესი, შეამჩნიოს საკუთარი ბრმა წერტილები და პროფესიულად განვითარდეს.

რაც უფრო პასუხისმგებლიანია სპეციალისტი, მით მეტად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

როდესაც ადამიანი გვანდობს საკუთარ შიშებს, ტკივილს, ტრავმებსა და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებს, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტიც აგრძელებდეს სწავლას, რეგულარულად გადიოდეს სუპერვიზიას და მონაწილეობდეს პროფესიულ განვითარებაში.

ამიტომ, ფსიქოლოგის არჩევისას შეგიძლიათ ჰკითხოთ:

  • გადის თუ არა სუპერვიზიას?
  • აგრძელებს თუ არა პროფესიულ განათლებას?
  • მონაწილეობს თუ არა პროფესიულ ჯგუფებში?

ზოგჯერ კარგი სპეციალისტის ნიშანი არა ის არის, რომელიც ამბობს:

„ყველაფერი ვიცი.“

არამედ ის, რომელიც ამბობს:

„მე თვითონაც ვსწავლობ, ვვითარდები და პასუხისმგებლობით ვეკიდები იმ ნდობას, რომელსაც ადამიანები მანდობენ.“

ბევრი ადამიანი ამბობს:

— „არ ვიცი, ჩემი პრობლემა საკმარისად სერიოზულია თუ არა.“

სინამდვილეში, ფსიქოთერაპიისთვის აუცილებელი არ არის კრიზისი.

ადამიანები მოდიან, როდესაც აქვთ:

  • შფოთვა;
  • პანიკური შეტევები;
  • ურთიერთობის სირთულეები;
  • ემოციური გადაწვა;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • ცხოვრებისეული კრიზისები;
  • ან უბრალოდ სურვილი, უკეთ გაიგონ საკუთარი თავი.

ზოგჯერ ადამიანი მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანია არავის უკითხავს:

„როგორ ხარ სინამდვილეში?“

მე ხშირად ვფიქრობ, რომ კარგი ფსიქოლოგის პოვნა ცოტათი სახლს ჰგავს. ზოგ სახლში შესვლისთანავე გინდა დარჩე. ზოგ სახლში ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ თავს უცხოდ გრძნობ.

ფსიქოთერაპიაც ასეთია.

კარგი სპეციალისტი ყოველთვის არ არის ყველაზე ცნობილი, ყველაზე პოპულარული ან ყველაზე ხმაურიანი.

ხანდახან ის უბრალოდ ის ადამიანია, რომლის კაბინეტშიც პირველად იგრძნობ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფრის მარტო ტარება აუცილებელი არ ყოფილა.

და შესაძლოა სწორედ ეს იყოს პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ.

რამდენიმე სიტყვა ჩემ შესახებ

მე ვარ ნინი ჭაჭია — ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც უკვე 20 წელიწადზე მეტია ვმუშაობ მოზარდებთან, ზრდასრულებთანა და წყვილებთან.

ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულებაა ფსიქოსინთეზი — მიდგომა, რომელიც ადამიანს მხოლოდ სიმპტომების ან პრობლემების ჭრილში არ უყურებს, არამედ მის შინაგან რესურსებს, პოტენციალსა და პიროვნულ ზრდასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

პრაქტიკაში ვიყენებ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომასა და ტექნიკას, რადგან მჯერა, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და თერაპიული პროცესიც ინდივიდუალურად უნდა მოერგოს თითოეული ადამიანის ისტორიას, საჭიროებებსა და მიზნებს.

ვმუშაობ:

  • შფოთვით და პანიკური შეტევებზე;
  • დეპრესიულ მდგომარეობებთან;
  • ურთიერთობებისა და წყვილების სირთულეებზე;
  • ემოციურ გადაწვაზე;
  • დაბალ თვითშეფასებაზე;
  • პირად საზღვრებზე;
  • ცხოვრებისეულ კრიზისებზე;
  • თვითშემეცნებისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე.

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული განვითარება, რეგულარული სუპერვიზია და თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომების მუდმივი შესწავლა.

თუ ეძებთ ფსიქოლოგს თბილისში, ონლაინ ფსიქოთერაპიას, წყვილების თერაპიას ან ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ეს არის:

შეგიძლიათ თუ არა ამ ადამიანთან იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ?

ხშირად სწორედ ასე იწყება ცვლილება.

გააზირე: