ერთმა დედამ ცოტა ხნის წინ ჩემს კაბინეტში მითხრა: „ამ თემებზე შვილთან ვერ ვსაუბრობ“. როცა ვკითხე, რას გულისხმობდა, მიპასუხა: “ სექსზე, სხეულზე, ურთიერთობებზე… ამ ყველაფერზე”. და ეს სიტყვა — „ვერ“ — ისე ჩვეულებრივად, ისე აბსოლუტურად მშვიდი ტონით თქვა, თითქოს ამინდის პროგნოზს ან ხვალინდელი სადილის მენიუს განიხილავდა. ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ ეს „ვერ“ პრობლემად საერთოდ აღარ აღიქმებოდა.
მისი შვილი თორმეტი წლისაა. ეს არის ასაკი, როცა მოზარდის ხელისგულზე, სმარტფონის ეკრანზე, მთელი სამყარო ეტევა. მას აქვს წვდომა ყველაფერთან, რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია — დაწყებული უწყინარი ვიდეოებიდან, დამთავრებული ყველაზე სასტიკი, ძალადობრივი და დამახინჯებული კონტენტით. მას აქვს ყველაფერი და, ამავდროულად, არ ჰყავს გვერდით ერთი, მთავარი ადამიანი, ვისაც უბრალოდ შეხედავს, თვალებში ჩახედავს და ჰკითხავს: „დედა, მამა, ეს ნორმალურია? ის, რაც ახლა ვნახე, ასე უნდა ხდებოდეს?“.
ჩვენ, მშობლებს, საოცარი თავდაცვის მექანიზმები გვაქვს. შეგვიძლია ბავშვს უსაზღვრო, უკონტროლო ონლაინ სივრცე ჩავუგდოთ ხელში, მისი ოთახის კარი გარედან მივუხუროთ და მერე მეორე ოთახში აბსოლუტურად მშვიდად დავიძინოთ. ჩვენ არ ვიცით, რას უყურებს, რა კონტენტს სთავაზობს მას სპეციალურად მორგებული ალგორითმი, ვის ესაუბრება ჩატში, რა ტიპის შიშები თუ შფოთვები უჩნდება იმ ჩაკეტილ სივრცეში, დაკეტილ კარს მიღმა მარტო დარჩენილს. მაგრამ როგორც კი სადმე, თუნდაც ტელევიზიით ან სკოლაში, სიტყვა ჩამოვარდება სექსუალურ განათლებაზე, სხეულზე, საზღვრების დაცვასა თუ თანხმობაზე, უცებ კოლექტიური შფოთვა გვიპყრობს. ყველანი ერთხმად, თითქოს თავდაცვის მიზნით, ვიწყებთ ერთი და იმავე ფრაზის გამეორებას: „ჯერ პატარაა, ამისთვის მზად არ არის“.
სინამდვილეში, „ჯერ პატარაა“ ბავშვის დასაცავად არ არსებობს. ეს ფრაზა მშობლის შფოთვის დასაცავად არსებობს.
ეს არის ტყუილი, რომლითაც საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ კიდევ გვაქვს დრო. გვინდა დავიჯეროთ, რომ ის უხერხული, რთული, ხშირად ჩვენთვისვე ტაბუირებული საუბარი სადღაც შორეულ მომავალში უნდა გადავდოთ — იქ, სადაც ბავშვი თავისით „მიხვდება“ ყველაფერს. მაგრამ ალგორითმმა ეს ჩვენი შიში არ იცის. ალგორითმს საერთოდ არ აინტერესებს, რამდენი წლისაა შენი შვილი, როგორია მისი მენტალური მზაობა, მზად არის თუ არა მისი ფსიქიკა ამხელა ინფორმაციის მისაღებად. მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: რა აჩერებს თვალს ეკრანზე. რა უჩქარებს გულისცემას, რა იწვევს დოფამინისა და ადრენალინის მოზღვავებას. და მერე ზუსტად იმას აძლევს კიდევ უფრო დიდი დოზით, უფრო ინტენსიურად, უფრო ღრმად. სანამ შენ მეორე ოთახში ფიქრობ, რომ ის „ჯერ პატარაა“, ალგორითმი მას უკვე ზრდასრული სამყაროს ყველაზე ბნელ და სახიფათო ლაბირინთებში ატარებს.
ადრე ქუჩის გვეშინოდა — ცუდი უბნის, ბნელი სადარბაზოების, უცხო ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბავშვს დალაპარაკებოდნენ. დღეს საფრთხემ ფორმა იცვალა და ჩვენს სახლებში შემოვიდა. ბავშვმა შეიძლება სახლიდან ფეხი საერთოდ არ გადადგას, თავის ოთახში იჯდეს, თბილად, ფიზიკურად უსაფრთხოდ, და მაინც სრულიად მარტო და დაუცველი იყოს. იმიტომ, რომ სიმარტოვე ფიზიკური მდგომარეობა არ არის. ნამდვილი სიმარტოვე მაშინ იწყება, როცა მოზარდს უზარმაზარი კითხვის ნიშნები, ეჭვები და შიშები უგროვდება, სახლში კი არ ეგულება ადამიანი, ვინც ამ ტვირთის ზიდვაში დაეხმარება და არ განსჯის.
სინამდვილეში, სექსუალური განათლების წინააღმდეგ იშვიათად ვიბრძვით. ჩვენ უფრო პასუხისმგებლობის წინააღმდეგ ვიბრძვით.
ჩვენ ქვეცნობიერად გვსურს, რომ ეს პასუხისმგებლობა ვინმე სხვამ აიღოს საკუთარ თავზე — სკოლამ, ქუჩამ, მეგობრებმა, იღბალმა ან თუნდაც იმავე ინტერნეტმა. ოღონდ არა ჩვენ. ოღონდ ჩვენ არ მოგვიწიოს იმ საუბრის დაწყება, სადაც შეიძლება ხმა აგვიკანკალდეს და საკუთარი კომპლექსების წინაშე პირისპირ აღმოვჩნდეთ. ბავშვს ზეპირად ვასწავლით ფორმალურ წესებს: უცხოს არ გაჰყვე, მანქანაში არ ჩაჯდე, კარი არავის გაუღოო. მაგრამ თითქმის არასდროს ვეუბნებით ფუნდამენტურ, სასიცოცხლო რამეებს: „შენი სხეული მხოლოდ შენია“, „თუ რამე არ მოგწონს, გაქვს სრული უფლება თქვა არა“, „თუ შეგეშინდა, მე მითხარი“, „თუ რამე გაინტერესებს, მოდი და მკითხე“.
მერე კი, როცა ეს ბავშვები იზრდებიან, საზოგადოებას საოცრად უკვირს შედეგები. გვიკვირს, რატომ ვერ ახერხებს მოზარდი საკუთარი საზღვრების დაცვას და უარის თქმას, რატომ ჰგონიათ გოგონებს, რომ მათი სხეული და ბუნებრივი განვითარება სირცხვილია, ბიჭებს კი — რომ ემოციების გამოხატვა და შიშის აღიარება სისუსტის ნიშანია.
ჩემს კაბინეტში თითქმის არასოდეს მოდიან ბავშვები, რომლებსაც ინფორმაცია აკლიათ. მოდიან ბავშვები, რომლებსაც ადამიანი აკლიათ.
რამდენიმე კვირის წინ ჩემს სკამზე 14 წლის გოგონა იჯდა. ხელები ისე უთრთოდა, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა მუჭებში დაემალა, რათა მისი კანკალი არ შემემჩნია. მითხრა, რომ ინტერნეტში ვიღაც უცნობი მამაკაცი ესაუბრებოდა და მისგან ინტიმურ ფოტოებს ითხოვდა. ტექნიკურად და თეორიულად იმდენად განათლებული იყო, რომ აბსოლუტურად ზუსტი ტერმინოლოგიით ამიხსნა, რა არის კიბერბულინგი, როგორ მუშაობს სოციალური ქსელის რეპორტინგის სისტემა და რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს. ინფორმაცია ჰქონდა. ყველაფერი მშვენივრად იცოდა. მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე და ვკითხე, დედას თუ უთხარი-მეთქი, უცებ მთელი ეს თავდაჯერებული, ტექნიკური ჯავშანი ჩამოეშალა, თვალებიდან ცრემლები წასკდა და ჩურჩულით მითხრა: „ვერ ვეტყვი… რომ გაიგოს, ეგონება, რომ ბინძური და ცუდი შვილი ვარ“.
აი, ეს არის ჩვენი სიჩუმის ფასი. მათ იციან ყველაფერი სექსზე, პორნოგრაფიაზე, ანატომიაზე, მაგრამ არ იციან მთავარი: როგორ თქვან „მეშინია“, „არ მომწონს“, „დამეხმარე“. ამის სწავლება კი არცერთ ეკრანს და ალგორითმს არ შეუძლია. ეს მხოლოდ ცოცხალ, თბილ ადამიანთან ურთიერთობაში ისწავლება — იმ გარემოში, სადაც შეცდომის დაშვება, სისუსტის ჩვენება ან შიშის აღიარება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
სექსუალური განათლება, რომელსაც ასე ჯიუტად ვებრძვით, სინამდვილეში სექსზე კი არ არის. ის ურთიერთობებზეა, ემოციების მართვაზე, საკუთარი და სხვისი საზღვრების პატივისცემაზე, თანხმობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვგონია, რომ თუ ამ თემებს ტაბუს მოვხსნით, ბავშვებს ბავშვობას წავართმევთ და უცებ გავზრდით. სიმართლე ბევრად უფრო სასტიკია: ბავშვები ჩვენს მზაობას, ჩვენს კომფორტს და სოციალურ სიმწიფეს არ ელოდებიან. ისინი ისედაც იზრდებიან, ყოველ წამს, ჩვენი ნებართვის გარეშე. ერთადერთი რეალური კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, არის ის, თუ ვინ დგას მათი ზრდის და/ან აღრზდის დროს.
ხშირად მშობლები მეკითხებიან: — როდის უნდა დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი?
ჩემი პასუხი თითქმის ყოველთვის ერთია: თუ უკვე გგონია, რომ დროა, დიდი ალბათობით, უკვე დაგაგვიანდა.
ამ განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა საერთოდ არ არის ბიოლოგიური ტერმინების ან ანატომიის მშრალი ახსნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა: „თუ რამე კითხვა ან შიში გაგიჩნდება, მე აქ ვარ, შენს გვერდით“.
რადგან როდესაც ბავშვს სახლში კითხვის დასმის ეშინია, ის პასუხებს მაინც იპოვის. TikTok-ში. Google-ში. პორნოგრაფიაში. უცნობ ადამიანებთან ჩატებში.
და მერე ჩვენ გაოცებულები და თავზარდაცემულები ვკითხულობთ ხოლმე: „ვინ ასწავლა ეს ყველაფერი? საიდან გაიგო?“. სიმართლე კი ის არის, რომ ვიღაც ყოველთვის ასწავლის. ცარიელი ადგილი არასდროს რჩება. კითხვა მხოლოდ ისაა — ეს მასწავლებელი ჩვენ ვართ, ჩვენი სიყვარულითა და მზრუნველობით, თუ ცივი, უსულო ალგორითმი.
ხოდა, ალგორითმს შენი შვილი არ უყვარს. და ძალიან ხშირად, სანამ ჩვენ დუმილს ვირჩევთ, ის ერთადერთი ხდება, ვინც მას ასეთ თემებზე ესაუბრება.