გახსოვთ ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ყველაზე ნერვიული პერსონაჟი?
თეთრი ბოცვერი, რომელიც ხელში ჯიბის საათით დარბის, გამუდმებით საათს დაჰყურებს და შეშინებული იმეორებს:
— ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორ ვაგვიანებ! როგორ ვაგვიანებ!
საოცრებათა ქვეყანა სავსეა საოცრებებით, მოლაპარაკე ყვავილებითა და ჯადოქრობით, მაგრამ ბოცვერი ამას ვერ ამჩნევს.
ის დროის ტყვეა.
მისი გონება მთლიანად დაპყრობილია მომავლის შიშით და წითელი დედოფლის რისხვით.
ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი ყოველდღიურობა სწორედ ასეთი თეთრი ბოცვრების დიდ თავყრილობას ჰგავს.
ჩვენც გამუდმებით დავსდევთ დროს, რომელიც თითქოს მყისიერად გვაკლდება. სადღაც გვეჩქარება მაშინაც კი, როცა არსად ვაგვიანებთ.
გვაქვს შინაგანი, ქრონიკული განცდა, რომ საკმარისს ვერ ვაკეთებთ, რაღაცას ვერ ვასწრებთ და ცხოვრების მატარებელი ჩვენ გარეშე მიდის.
ამ განცდას ხშირად დროის შფოთვას — Time Anxiety-ს უწოდებენ.
ეს არ არის მხოლოდ ცუდი დროის მენეჯმენტი.
ზოგჯერ ადამიანს დრო კი არ აკლია. მას ეშინია, რომ თვითონ არ არის საკმარისი.
მატარებელი, რომელიც ყოველთვის მიდის: ელენეს ქეისი
ჩემი კაბინეტის კარი შემოაღო, სავარძელში ჩაეშვა და სანამ ქურთუკს გაიხდიდა, ინსტინქტურად ტელეფონზე საათს დახედა.
— ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მატარებელი მიდის, მე კი ბაქანზე ვდგავარ და უძლური ვარ, — მითხრა მან.
პირობითი სახელი – ელენე. 32 წლის წარმატებული მარკეტოლოგი. ერთი შეხედვით, მას ყველაფერი აქვს: საინტერესო სამსახური, მეგობრები, მიღწევები.
მაგრამ შიგნით სხვა რეალობაა.
ელენეს თავში ჩართულია უხილავი წამზომი, რომელიც გაუჩერებლად აკეთებს უკუთვლას.
— 30 წლისას საკუთარი კომპანია უნდა მქონოდა… 35 წლისთვის უკვე გვიან იქნება… ყოველდღე ისეთი განცდით ვიღვიძებ, თითქოს უკვე დავაგვიანე.
როგორც კი თავისუფალ დროს წიგნის გადაშლას დააპირებს, შინაგანი ხმა მაშინვე ეუბნება:
„ამ დროს შემეძლო ახალი კურსი გამევლო. რაღაც ახალი მესწავლა. წინ წავსულიყავი.“
თუ მეგობრებთან ერთად სადმე მიდის, რამდენიმე საათის შემდეგ ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი დრო დაკარგა.
თუ კვირა დილით გვიან გაიღვიძებს, დასვენების ნაცვლად დანაშაულის განცდა ეუფლება.
თუ სოციალურ ქსელში მისი ასაკის ადამიანის წარმატებას ხედავს, საკუთარ ცხოვრებას რამდენიმე წამში აუფასურებს.
დრო მისთვის რესურსი აღარ არის.
ის მკაცრი მოსამართლეა, რომელიც მუდმივად ეკითხება:
რატომ არ ხარ ჯერ იქ, სადაც უნდა იყო?
როგორ ვლინდება დროის შფოთვა?
დროის შფოთვა ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი საათზე ყოველ ხუთ წუთში იყურება.
ზოგჯერ ის სრულიად სხვა ფორმით ცხოვრობს ჩვენში.
შეიძლება მუდმივად გეჩქარებოდეთ მაშინაც კი, როცა არსად აგვიანებთ.
შეიძლება დასვენების დროს დანაშაულის განცდა გქონდეთ და ფიქრობდეთ, რომ ამ დროს რაღაც „სასარგებლო“ უნდა გააკეთოთ.
შეიძლება დღის განმავლობაში ათი საქმე შეასრულოთ, მაგრამ საღამოს მაინც საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩეთ, რადგან მეთერთმეტე ვერ მოასწარით.
შეიძლება მუდმივად ადგენდეთ საქმეების სიებს და მაინც გქონდეთ განცდა, რომ ჩამორჩებით.
ზოგჯერ დროის შფოთვა უცნაურ პარადოქსსაც ქმნის.
ადამიანს იმდენად ეშინია დროის არასწორად გამოყენების, რომ დიდ დროს კარგავს იმაზე ფიქრში, თუ რით უნდა დაიწყოს.
რომელ საქმეს მიხედოს?
რომელი გადაწყვეტილებაა სწორი?
რომელი არჩევანი იქნება უფრო სასარგებლო?
და ბოლოს იმდენად იღლება ამ ფიქრით, რომ დაწყებაც უჭირს.
დროის შფოთვას შეიძლება ახლდეს:
- მუდმივი შინაგანი დაძაბულობა;
- გაღიზიანება;
- კუნთების დაჭიმულობა;
- ძილის გაძნელება;
- ყურადღების გაფანტვა;
- გადაწყვეტილების მიღების სირთულე;
- მუდმივი დაღლილობა;
- დასვენების შეუძლებლობა;
- საკუთარი თავის ხშირი კრიტიკა;
- განცდა, რომ სხვები წინ მიდიან და თქვენ ჩამორჩებით.
მაგრამ ყველაზე მტკივნეული ხშირად ასაკთან დაკავშირებული შინაგანი კალენდარია.
„ამ ასაკში უკვე ოჯახი უნდა მქონდეს.“
„აქამდე მეტი ფული უნდა გამომემუშავებინა.“
„უკვე გვიანია პროფესიის შესაცვლელად.“
„ყველა წინ წავიდა, მე კი ადგილზე ვდგავარ.“
„ჩემი ასაკისთვის საკმარისს ვერ მივაღწიე.“
ამ დროს ადამიანი საკუთარ ცხოვრებით აღარ ცხოვრობს.
ის მუდმივად ამოწმებს, ემთხვევა თუ არა მისი ცხოვრება უხილავ გრაფიკს, რომელიც ხშირად თავადაც კი არ შეუქმნია.
რატომ გვემართება „თეთრი ბოცვრის სინდრომი“?
ჩვენ არ ვიბადებით დროის შიშით.
დააკვირდით პატარა ბავშვს.
თუ ის ქვიშაში თამაშობს, მისთვის არ არსებობს კითხვა: „რამდენად პროდუქტიულად ვიყენებ ამ ერთ საათს?“
ის უბრალოდ იქ არის.
ჩვენ კი თანდათან ვსწავლობთ, რომ ცხოვრებას თითქოს გრაფიკი აქვს.
გარკვეულ ასაკში განათლება უნდა დაასრულო.
შემდეგ კარიერა უნდა ააწყო.
შემდეგ ოჯახი შექმნა.
შემდეგ ფინანსური სტაბილურობა მოიპოვო.
და თუ ამ უხილავ კალენდარს ვერ მიჰყვები, ჩნდება განცდა, რომ რაღაც დაგაგვიანდა.
ამ შფოთვას დღეს განსაკუთრებით ორი რამ კვებავს.
პირველი არის თანამედროვე ჰასლ-კულტურა — Hustle Culture, რომელიც გვაიძულებს გვჯეროდეს, რომ თუ ყოველ წამს პროდუქტიულობისთვის, კარიერისთვის ან „თვითგანვითარებისთვის“ არ ვიყენებთ, დროს უაზროდ ვფლანგავთ.
მოსვენება და უსაქმურობა თითქმის დანაშაულად იქცა.
დასვენებასაც კი მიზანი უნდა ჰქონდეს.
უნდა დაიძინო, რომ ხვალ უკეთ იმუშაო.
უნდა ივარჯიშო, რომ უფრო ეფექტური იყო.
უნდა იმედიტირო, რომ პროდუქტიულობა გაიზარდო.
უნდა წახვიდე შვებულებაში, რომ ენერგიული დაბრუნდე.
თითქოს უბრალოდ არსებობას თავისი ღირებულება აღარ აქვს.
მეორე მიზეზი სოციალური ილუზიაა.
დღეს ერთ დილას შეგვიძლია ვნახოთ ადამიანი, რომელმაც 25 წლის ასაკში ბიზნესი შექმნა.
მეორე, რომელმაც 30 წლის ასაკში სამი შვილი გააჩინა.
მესამე, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.
მეოთხე, რომელმაც ახალი სახლი იყიდა.
მეხუთე კი დილის ხუთ საათზე უკვე დარბის, მედიტირებს, წიგნს კითხულობს და თითქოს ცხოვრებაც სრულად დალაგებული აქვს.
თქვენ კი ჯერ საწოლიდან არ ამდგარხართ.
ასეთ გარემოში ძალიან ადვილია გაჩნდეს განცდა, რომ ყველანი სადღაც მიდიან და მხოლოდ თქვენ აგვიანებთ.
მაგრამ ჩვენ სხვისი ცხოვრების ვიტრინას ვადარებთ საკუთარი ცხოვრების კულისებს.
და ეს შეჯიბრება თავიდანვე უსამართლოა.
როგორ ჩამოვიხსნათ თეთრი ბოცვრის ნიღაბი?
თერაპიულ სივრცეში, ელენესთან მუშაობისას, ერთ-ერთ სესიაზე მას მარტივი, მაგრამ რთული კითხვა დავუსვი:
— რა მოხდება, თუ დროის დევნას შეწყვეტ და დაუშვებ, რომ შენი ცხოვრების ტემპი უნიკალურია?
რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მომენტალური ჯადოქრობა.
არც ერთი კითხვა არ ცვლის ადამიანს ერთ წამში.
ეს იყო პროცესი, სადაც ელენემ ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი შინაგანი წესების აღმოჩენა.
ვისი ხმა ეუბნებოდა, რომ 30 წლის ასაკში საკუთარი კომპანია უნდა ჰქონოდა?
ვინ გადაწყვიტა, რომ 35 წლის შემდეგ გვიანია?
საიდან გაჩნდა რწმენა, რომ დასვენება დროის დაკარგვაა?
და ყველაზე რთული კითხვა:
რას ნიშნავდა მისთვის ის, თუ სხვები მასზე წინ წავიდოდნენ?
სწორედ აქ გამოჩნდა, რომ ელენეს პრობლემა მხოლოდ დრო არ იყო.
დროის შფოთვის უკან საკუთარი ღირებულების მუდმივი დამტკიცების მოთხოვნილებაც იდგა.
თუ ვმუშაობ — ღირებული ვარ.
თუ წინ მივდივარ — საკმარისად კარგი ვარ.
თუ სხვებს ვუსწრებ — უსაფრთხოდ ვარ.
თუ გავჩერდი…
მაშინ ვინ ვარ?
ელენემ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო დროის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.
ერთ-ერთი მარტივი პრაქტიკა იყო To-Do სიასთან ერთად დღის ბოლოს იმის ჩამოწერა, რაც რეალურად გააკეთა.
არა მხოლოდ სამუშაოს შედეგების.
შეხვედრა მეგობართან.
წაკითხული რამდენიმე გვერდი.
მშვიდად დალეული ყავა.
გასეირნება.
საუბარი, რომლისთვისაც დიდი ხანია დრო არ ჰქონდა.
ეს პატარა ცვლილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით.
ერთი სია გეუბნება, რა ვერ მოასწარი.
მეორე კი გახსენებს, რომ დღე უკვე იცხოვრე.
„აქ და ახლა“ ყოფნა მარტივი ფრაზა არ არის
ხშირად გვირჩევენ: „იცხოვრე აწმყოში“.
ლამაზად ჟღერს.
მაგრამ ადამიანისთვის, რომლის გონებაც წლებია მომავალ საფრთხეებს ითვლის, აწმყოში დაბრუნება მარტივი გადაწყვეტილება არ არის.
ეს უნარია.
თუ ახლა ყავას სვამ და მომავალ კვირაზე ნერვიულობ, სინამდვილეში ყავას კი არ სვამ — შფოთვას აყოლებ ყლუპებს.
თუ შვილთან ერთად სეირნობ და პარალელურად სამსახურის წერილებზე ფიქრობ, სხეულით იქ ხარ, მაგრამ გონებით — სხვაგან.
თუ შვებულებაში ხარ და უკვე დაბრუნების შემდეგ დაგროვილ საქმეებზე ნერვიულობ, მომავალმა აწმყო წინასწარ წაგართვა.
დროის შფოთვის შემცირება ყოველთვის უკეთესი გრაფიკის შედგენით არ იწყება.
ზოგჯერ ის ერთი კითხვით იწყება:
რისი მეშინია სინამდვილეში, როცა მგონია, რომ დროს ვკარგავ?
რომ წარმატებას ვერ მივაღწევ?
რომ სხვები წინ გამასწრებენ?
რომ ასაკი მომემატება?
რომ რაღაც შესაძლებლობას დავკარგავ?
თუ იმის, რომ როცა გავჩერდები, საკუთარ თავთან მარტო დავრჩები?
საოცრებათა ქვეყანა უკვე აქ არის
ყველაზე დიდი პარადოქსი იცით რა არის?
წლები გადის და ჩვენ მაინც გვგონია, რომ ცხოვრება სადღაც წინ გველოდება.
თითქოს ნამდვილი ცხოვრება დაიწყება მაშინ, როცა უფრო წარმატებულები ვიქნებით.
უფრო ორგანიზებულები.
უფრო მდიდრები.
უფრო თავდაჯერებულები.
უფრო მზად.
მაგრამ თეთრი ბოცვრის ტრაგედიაც სწორედ ეს არის.
სანამ ის საათს უყურებს, საოცრებათა ქვეყანა მის გარშემო ცოცხლობს.
სანამ მომავალ შეხვედრაზე ნერვიულობს, აწმყო ჩუმად გადის.
შესაძლოა, დრო საერთოდ არ არის მტერი, რომელსაც უნდა გავასწროთ.
შესაძლოა, პრობლემა ის არის, რომ მთელი ცხოვრება სირბილში გადაგვაქვს და ვერ ვამჩნევთ იმ ადგილს, სადაც უკვე მივედით.
თუ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ და თქვენი გონება ისევ სადღაც წინ გარბის, იქნებ მთავარი კითხვა სულაც არ არის:
როგორ მოვასწრო ყველაფერი?
იქნებ კითხვები სხვაგვარია:
ვის გრაფიკს ვუსწრებ?
ვინ გადაწყვიტა, რომელ ასაკში სად უნდა ვიყო?
თეთრი ბოცვერი შეიძლება ჩვენს თავშიც ცხოვრობდეს.
მაგრამ საათის ხმა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს.
ზოგჯერ არსად გვაგვიანდება.
ზოგჯერ უბრალოდ დაგვავიწყდა, რომ უკვე ვცხოვრობთ.
P.S. თუ ატყობთ, რომ დროის შფოთვა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობას წარმოადგენს, არ გადადოთ, ჩაეწერეთ ფსიქოკონსულტაციეზე და დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მათ ვისაც ჩემთან კონსულტაციაზე ჩაწერა სურს, დარეკეთ: 595 75 11 22.