ყველაზე სასტიკი წინადადება, რომელიც ოდესმე ლამაზ ქალზე წამიკითხავს, კაცს არ დაუწერია.
ერთმა ქალმა დაწერა.
— ძალიან ცდილობს. — თავი ვინ ჰგონია? — სულ ყურადღება უნდა. — ლამაზია და ეგაა. — ამან რა უნდა იცოდეს?
საკმარისია ლამაზმა ქალმა ფოტო დადოს. საკუთარი აზრი თქვას. წარმატებაზე ისაუბროს. ან — ყველაზე საშიში — უბრალოდ კარგად იგრძნოს თავი.
და სასამართლო იხსნება.
შენც გინახავს ეს სასამართლო. ან იქნებ შენც გქონია მსგავსი გამოცდილება — როცა ლამაზი ქალის ფოტოსთვის შეგიხედავს და შენც არ მოგეწონა ან გაღიზიანდი.
სამწუხაროდ, მოსამართლეები და მსაჯულებიც თითქმის ყოველთვის სხვა ქალები არიან.
რატომ?
ფსიქოლოგიას ამ კითხვაზე უსიამოვნო, მაგრამ ნათელი პასუხი აქვს.
ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ამას ხსნის
ფსიქოლოგმა ტრეისი ვეილანკურმა ერთხელ მარტივი რამ სცადა: ოთახში, სადაც ქალები ისხდნენ, შეიყვანა ერთი მიმზიდველი ქალი — ერთხელ ჩვეულებრივად ჩაცმული, მეორედ სექსუალურად. არაფერი შეუცვლია, გარდა ტანსაცმლისა. შედეგი სასტიკი იყო: ოთახში მყოფი ქალები სექსუალურად ჩაცმულ ქალს ბევრად უფრო მკაცრად აფასებდნენ.
ვეილანკურმა ამას სახელი დაარქვა — ირიბი აგრესია: კონკურენტი ქალის გარეგნობის კრიტიკა, გაჭორვა, გარიყვა, დამცირება. და ეს ყოველთვის სხვა ქალისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კი — მიმზიდველი ქალისკენ.
ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ „ქალები შურიანები არიან“.
ეს გაცილებით ძველი ამბავია, ვიდრე Instagram.
ეს კონკურენციაა. ოსტატურად — შენიღბული.
რატომ ვხედავთ სხვაში იმას, რაც გვაკლია
ქალებს ბავშვობიდანვე ერთ რამეს ასწავლიან: რომ ყველაფერი შეზღუდულია.
ყურადღება — შეზღუდული. სიყვარული — შეზღუდული. სილამაზე — შეზღუდული. ადგილი — შეზღუდული.
თუ ერთმა რაიმე მიიღო, მეორეს თითქოს დააკლდა.
და ამიტომ მეორე ქალი ზოგჯერ ქალი აღარ არის. ის ხდება შედარების ობიექტი.
ეს სტატია ქალების დადანაშაულებაზე არ არის. ეს იმ წესებზეა, რომლებიც ქალებს ერთმანეთის კონკურენტებად ზრდის. როცა გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ყურადღება, სიყვარული და ღირებულება შეზღუდული რესურსია, სხვა ქალი ხშირად მეგობარი კი არა, მეტოქე ხდება.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინჯერმა შენიშნა რაღაც მარტივი: როცა ჩვენი ღირებულების გასაზომი ობიექტური საზომი არ გვაქვს, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის — სხვას შევხედოთ და თავი მას შევადაროთ.
და ქალები, სხვებთან შედარებით, გაცილებით ხშირად ადარებენ თავს — არა ვინმეს, ვინც უფრო რთულ პოზიციაშია, არამედ იმას, ვინც სჯობია. ვინც ის არის, რაც თავად სურს რომ იყოს.
ციფრული სამყარო და ეკრანები კი სავსეა ასეთი სახეებით — ხშირად დამუშავებული, ხშირად აწყობილი, თითქმის ყოველთვის საუკეთესო კადრი. ჩვენ კი ჩვენს ჩვეულებრივ, დაუმუშავებელ დილას ვადარებთ მათ საუკეთესო წამს.
რა ხდება ამის შემდეგ
ლამაზი ქალი ეკრანზე უკვე მხოლოდ ლამაზი ქალი აღარ არის.
ის ხდება:
ის სხეული, რომელიც შენ არ გაქვს. ის თავდაჯერება, რომელიც შენ ვერ იპოვე. ის ყურადღება, რომელსაც შენ ვერ იღებ. ის თავისუფლება, რომლის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევ.
და ზოგჯერ ბევრად ადვილია თქვა:
— სულელია.
ვიდრე საკუთარ თავს გაუბედო და უთხრა:
— მისი დანახვა ჩემში რაღაც ძალიან მტკივნეულს და სასურველს ეხება.
ჩემს კაბინეტში ერთხელ ქალმა მითხრა, რომ ვერ იტანდა საკუთარ საუკეთესო მეგობარს — ლამაზ, თავდაჯერებულ ქალს, რომელთანაც წლების განმავლობაში იზრდებოდა. „ვიცი, რომ სულელურია, — მითხრა, — მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ის ოთახში შემოდის, თითქოს მე ვქრები“. მას არასოდეს უსაუბრია ამაზე მეგობართან. წლების განმავლობაში ატარებდა ამ სირცხვილს, თითქოს ის თავად იყო პრობლემა — არა ის, რასაც ბავშვობიდან ასწავლეს: რომ ორი ქალის ღირებულება ერთდროულად ვერ თავსდება ერთ ოთახში.
აქედან იბადება კიდევ ერთი მითი, რომელიც თითქმის ყველას გვისმენია: თუ ლამაზია, აუცილებლად სულელი უნდა იყოს.
თითქოს სამყარო ბალანსს ითხოვს.
თუ ლამაზია — ჭკვიანი ვერ იქნება. თუ ჭკვიანია — სასიამოვნო ვერ იქნება. თუ წარმატებულია — ბედნიერი ვერ იქნება. თუ ყველაფერი აქვს — რაღაც აუცილებლად უნდა აკლდეს.
ეს მითი არ არის შემთხვევითი. ის ჩვენ გვამშვიდებს. რადგან თუ ლამაზ ქალს გონებას ჩამოვართმევთ, ცოტა უფრო ნაკლებად საშიში ხდება ის სარკე, რომელსაც ის ჩვენ წინ აყენებს.
სარკე, რომელსაც თავად ვამზადებთ
ფსიქოლოგიაში ამას თვით-ობიექტივაცია ჰქვია — როცა ქალი იმდენ ხანს უყურებს საკუთარ თავს სხვისი თვალით, ბოლოს თავადაც იწყებს საკუთარი თავის ისე დანახვას, როგორც საგნის, რომელიც უნდა შეფასდეს.
და როცა ქალი მთელი ცხოვრება შეფასების ქვეშ ცხოვრობს, ის სხვა ქალსაც იმავე თვალით უყურებს. შემფასებლის თვალით.
ამიტომაც, სოციალურ ქსელში ქალს ხშირად კაცის მზერა კი არ აშინებს. მას სხვა ქალების მზერა აშინებს. რადგან იცის — სწორედ ის შეაფასებს ყველაზე “ზუსტად”. ყველაზე მკაცრად. ყველაზე უმოწყალოდ.
რადგან მან ეს ანბანი იმავე “სკოლაში” ისწავლა.
კითხვა, რომელსაც ვერიდებით
რატომ გვჭირდება, რომ ლამაზ ქალს რაღაც აუცილებლად დავაკლოთ?
რატომ გვიჭირს იმის დაშვება, რომ ქალი შეიძლება ერთდროულად იყოს ლამაზიც, ჭკვიანიც, წარმატებულიც და მშვიდიც?
შესაძლოა, სიმართლე ის იყოს, რომ ლამაზი ქალი სულაც არ გვაღიზიანებს.
გვაღიზიანებს ის, რომ ის საკუთარ თავში იმ სიმშვიდით ცხოვრობს, რომლის უფლებას ჩვენ საკუთარ თავს ჯერ კიდევ არ ვაძლევთ.
და ალბათ, პირველი ქალი, ვის შეფასებასაც უნდა შევეშვათ — სარკეში დგას.